ახალი ამბები
ფოთში საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემები დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გემების მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს.

“ორივე გემის კაპიტანს, ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, ჯამში - 2835 ლარის ოდენობით. გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print