ახალი ამბები
ზუგდიდში სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის მინიჭების საკითხი ისევ კომისიას დაუბრუნდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის №4 სასაფლაოს ნაწილს პანთეონის სტატუსის მინიჭების საკითხი საკრებულომ ერთხმად განსახილველად ისევ კომისიას დაუბრუნა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ამ დროისთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან სხვა საკითხებთან ერთად, გაურკვეველია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პანთეონში გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა გადაწყდეს.

„შერჩევის კრიტერიუმები, სხვა პროცედურები, ძალიან ბევრ პრობლემასთან იქნება მუდმივად დაკავშირებული და არ უნდა იყოს ზუგდიდში პანთეონი“, - აღნიშნა შელიამ.

მის პოზიციას იზიარებენ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ამ ეტაპზე ზუგდიდში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია.

„საერთოდ, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ადამიანები, ვინც იქ უდნა დაიკრძალოს. ვფიქრობ, რომ საზოგადოების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში და გადაწყდეს ისე, როგორც მათი სურვილი იქნება“, - თქვა წითლიძემ.



საუბარია სასაფლაოს საერთო ტერიტორიის 2000 კვ.მ-ზე ფართობზე. აღნიშნული საკითხის განხილვა წინა საკრებულოს სხდომაზეც გადაიდო.

Print