ახალი ამბები
ოპოზიცია მმართველ გუნდს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს
ზუგდიდის მერიამ ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების ლიმიტი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს 100 ლარით შეუმცირა. აღნიშნული თანხა ამიერიდან 150 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.

გადაწყვეტილებას არ ემხრობიან ოპოზიციური ფრაქციები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ადგილობრივი ხელისუფლება სოციალური პროგრამების დაფინანსების ხარჯზე საკუთარი ხელფასების ზრდაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების ხარჯები 100 ლარით პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეუმცირდათ.

„მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გაზარდა ხელფასები, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალური პროგამები გაანახევროს. გარდა ამისა, ოპერაციების თანადაფინანსების წესიც შეიცვალა და ზუგდიდელები ამ სერვისით ვერ ისარგებლებენ. თანდაფინანსებას მხოლოდ პენსიონერები და სოციალურად დაუცველები მიიღებენ. ვითხოვთ ხელფასების შემცირებას და სოციალური პროგრამების დაფნანსებას“, - აღნიშნა წითლიძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია „ევროპული საქართველოც“. ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, არგუმენტი, რომ წამლები არამიზნობრვად იფლანგება, უსუსურია.

„არსებობს ამის კონტროლის მექანიზმი და გააკონტროლონ. რა დააშავა მან, ვისაც მართლა სჭირდება ეს წამლები. ფაქტია, რომ ვერ ასრულებენ საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს და გაჭირვებული ადამიანების თანხებით აპირებენ ეკონომიას“, - თქვა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფენ მერიის წარმომადგენლები. სხდომაზე სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურის თავმჯდომარემ ნინო სხულუხიამ განმარტა, რომ ერთჯერადი დახმარებები გამართლებული არ არის და პრობლემას არ აგვარებს.

რაც შეეხება ოპერაციების თანადაფინანსების შეწყვეტას, სხულუხიას მტკიცებით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

ამ პოზიციას იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიაც. მისი თქმით, ტყუილია ის განცხადება, რომ ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა.

„არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და დაემატა უშაქრო დიაბეტის მქონე ბენეფიცრები. მხოლოდ ერთი მიმართულებით შემცირდა ერთჯერადი მისაღები თანხის ოდენობა“, - აღნიშა ჭეჟიამ.



აღნიშნულ საკითხს დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ზუგდიდის მერის მოადგილეს შორის მოჰყვა. მაიზერ ნანავამ ბრალდებებს დემაგოგია უწოდა, რის შემდეგაც ანა წითლიძემ მას უთხრა, რომ ჯობდა, ნაბახუსევზე სხდომაზე არ მოსულიყო. აღნიშნულმა ნანავას გაღიზიანება გამოიწვია და კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა სიტუაცია მალევე დასტაბლურდა.

ამავე თემაზე:

საკრებულოს წევრი მერის მოადგილეს - ნაბახუსევზე ხარ (ვიდეო)
Print