ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: აფხაზეთში ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატი ჯანმრთელობისთვის საშიშია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაციით, დე ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მიმდებარე სოფლებში აზიური ფაროსანას შეწამვლის პროცესი დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით ყოლბაიას კომენტარს ავრცელებს.

ყოლბაიას ცნობით, სპეციალისტებმა პრეპარატის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მასში შემავალი ნივთიერებები განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის არის საშიში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამვლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია დაიწყო. ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Print