ახალი ამბები
სენაკის მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ნაწილმა საიას მიმართა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან გათავისუფლებული 13 თანამშრომელი საკუთარი პოზიციებზე მაისიდან აღარ იმუშავებს. მათ შესაბამისი გაფრთხილების წერილი მიუვიდათ. ორმა მათგანმა უკვე მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. საიას ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას ინფორმაციით, მათ მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა განუმარტა, რომ ისინი კანონების დარღვევით გაათავისუფლეს.

„ერთიანდება მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურები. როგორც მათ გვითხრეს, ჩატარდა გასაუბრება, რომელსაც ესწრებოდა მერი. ლევან კუპრეიშვილი არ იყო კომისიის წევრი, მაგრამ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა. ამის შემდეგ კი, როგორც გვეუბნებიან, მიუვიდათ გაფრთხილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭკადუამ.

გასაუბრებასთან და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს ლევან სირიას. ის ამბობს, რომ გასაუბრებით კმაყოფილია და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნდობას უცხადებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ კვალიფიციური საჯარო მოხელე და ვთვლი, რომ უნდა ვიყო საჯარო სამსახურში, აბსოლუტურად ვეთანხმები რეორგანიზაციას. ველოდები სხვა თანამდებობაზე შემოთავაზებას, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ესეც მესმის. მერი ახალგაზრდა კაცია და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას“, აღნიშნა სირიამ.

თავის მხრივ, სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების გაშვების ერთადერთი მიზეზი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაციაა.

„კანონის სრული დაცვით ჩატარდა რეორგანიზაცია, მათ შორის, გასაუბრებაც და თანამშრომლებს შესაბამისად გაეგზავნათ გაფრთხილებები. შეერთდა კულტურისა და სპორტის სამსახური და თანამშრომელთა რაოდენობა გახდა გადასახედი. ჩვენი მიზანია, რომ სამსახურში დარჩნენ ის თანამშრომლები, რომელთაც აქვთ მეტი დატვირთვა და უფრო დავაფასოთ ისინი, ვისაც მეტი წვლილი აქვს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სწორედ ასეთი ადამიანები დარჩებიან მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - აღნიშნა კუპრეიშვილმა.

სენაკის მერის ინფორმაციით, რეორგანიზაცია ააიპებშიც არის დაგეგმილი.


Print