რეგიონი
აფხაზური დელეგაცია ანტალიაში გამართულ სამედიცინო კონგრესს დაესწრო
აფხაზურმა დელეგაციამ თურქეთში გამართულ სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა, წერს „სპუტნიკ აბხაზია“. გამოცემის ცნობით, დელეგაციას დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია ხელმძღვანელობდა. ვიზიტისას, ის ანტალიის მერს და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს შეხვდა.

„ასევე შეხვედრები გვქონდა მარმარისის უნივერსიტეტის კლინიკაში, სტამბოლის ონკოლოგიურ ცენტრში და კლინიკა MedicalPark-ში“, - თქვა სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვოვანი ქირურგიის განყოფილების გამგემ თემურ ლაგვილავამ.

მისი თქმით, აფხაზმა და თურქმა მედიკოსებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ხოლო ამ ეტაპზე, ერთობლივი შეთანხმების პროექტის შემუშავება დაიწყო.

„ჩვენ აფხაზეთში სამედიცინო ფორუმის გამართვაზე შევთანხმდით, რომელსაც ჩვენი თურქი კოლეგები დაესწრებიან და აფხაზეთში მედიცინის მდგომარეობას გაეცნობიან. ისინი მზად არიან დახმარება გაგვიწიონ. ჯერ არ ვიცით, როდის გაიმართება ფორუმი, ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა“, – დასძინა ლაგვილავამ.

აფხაზი მედიკოსები თურქეთში აფხაზეთის დიასპორამ მიიწვია. მსოფლიო სამედიცინო, სპორტული და ალტერნატიული ტურიზმის კონგრესი „Hestourex“ ანტალიაში 5-8 აპრილს ჩატარდა.



Print