ახალი ამბები
„გამჭვირვალობის“ კვლევა ფოთში თევზის სუნის და საწარმოების შესახებ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ფოთში თევზის გადამუშავებით გამოწვეული არასასიამოვნო სუნისა და საწარმოო დარღვევების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, პრობლემა ქალაქ ფოთის მოსახლეობას წლებია აწუხებს. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მოსახლეობა პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა.

ორგანიზაციის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ფოთში მოქმედი თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმოდან, სამი კომპანიის მეწილეები მოქმედ და ყოფილ მმართველ პარტიებთან დაკავშირებული პირები და შემომწირველები არიან, მათ შორის, შპს “აისბერგი 2-ის” 25%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბიაა, ამასთან, აღნიშნული კომპანია ფლობს შპს “გეოფიშ კომპანის” 60%-იან წილს. ორივე საწარმოს დირექტორი არის ირაკლი ვეკუა, რომელიც ამავე დროს შპს “აისბერგი 2-ში” ირაკლი ხახუბიას 25%-იანი წილის მმართველია.

ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოთხივე საწარმოში 2017 წელს კანონმდებლობის დარღვევის 27 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის, ცხოველური (ქაფშიას) ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, თევზის სისხლნარევი წყლითა და ცხიმის ნარჩენებით ზღვის დაბინძურება, თევზის გადამუშავების შედეგად ნარჩენი ნივთიერებებით (არხის გავლით) მდინარის დაბინძურების ფაქტი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატაროს ოთხივე საწარმოს დეტალური ინსპექტირება და დაადგინოს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო როგორც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ასევე არასასიამოვნო სუნის გაფრქვევის მინიმუმამდე შესამცირებლად.

ამავე თემაზე:

ფოთში აქცია-მსვლელობა "ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა!" გაიმართა
Print
თეგები: კვლევა / თევზი /