რეგიონი
"ევროპულმა საქართველომ" ცაიშში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა (ვიდეო)
„ევროპულმა საქართველომ“ ცაიშის შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი კუკავა დაასახელა. ის პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ მას შემდეგ წარადგინა, რაც პარტიის შეთავაზებას საერთო კანდიდატის შესახებ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გამოეხმაურა. დამენიამ დღევანდელ ბრიფინგზე იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც არჩევანი კუკავაზე შეაჩერეს.

„მას აქვს გამოცდილება, ერთხელ უკვე დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ყველაფერს გააკეთებს, რომ კვლავ გაიმარჯვოს. ის სოფელში კარგი რეპუტაციით სარგებლობს, აქვს საკრებულოში მუშაობის გამოცდილება და ბევრი რამ აქვს გაკეთებული ცაიშისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობამ კითხვაზე, ვის ისურვებდა კანდიდატად, სწორედ კუკავა დაასახელა, რადგან თვლიან, რომ მას შეუძლია სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება", - აღნიშნა დამენიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას არ მისცემს ფუფუნებას, რომ უალტერნატივო კანდიდატი წარმოადგინოს. დამენიამ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ „ევროპული საქართველო“ ყველგან იბრძოლებს, რათა მმართველი გუნდი არჩევნების გზით დაამარცხოს.

2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. არჩევნები სოფელ ცაიშში 13 მაისს ჩატარდება.

Print