რეგიონი
ზუგდიდში დედაენის დღე აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდში დღეს ქართული ენის დაცვის დღე აღნიშნეს. "დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის თანამშრომლებმა და საქართველოს სასწავლო ცენტრის (GLC) ზუგდიდის ფილიალის მოსწავლეებმა შეამკეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ენა არის ერის განძი და ერის სულიერება.



„1990 წლიდან ქართველი ერი აღნიშნავს ამ დღეს და ეს არის დღესასწაული, რომელსაც ქვია ქართული ენის დღე“, - აღნიშნა ნანავამ.

GLC-ის პედაგოგი ნესტან ფიფია ამბობს, რომ 1978 წლის 14 აპრილიდან დღემდე ეს ქართული ენის გადარჩენის დღეა.
"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქართველის ცნობიერებაში ეს დღე იყოს ცოცხალი, ძალიან ცოცხალი, სხვა შემთხვევაში ქართულ ენას, რომელიც მაშინ გადარჩა უფრო დიდი საფრთხე ემუქრება“, - თქვა ფიფიამ.


ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ქალაქში სახვადასხვა ღონისძიებებაა დაგეგმილი.

40 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში მოეწყო დემონსტრაცია, რომელზეც ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ მოიყარა თავი. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.


Print