რეგიონი
ანაკლიის პორტის სამუშაო პროცესი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა (ვიდეო)
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, USAID-ის „ათასწლეულის გამოწვევის“ და აშშ-ის მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებთან ერთა, დაათვალიერა. სტუმრებს ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და კურტ კონტიმ უმასპინძლეს. შეკრებილებმა ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომელობის საკითხები განიხილეს.

ელიზაბეტ რუდის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და სპეციალური განვითარების ზონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის განვითებისთვის.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ პროექტში ორი დიდი ამერიკული კომპანია არის ჩართული. ამერიკის მთავრობის სააგენტოების პროექტში ჩათულობა აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამერიკისთვის“, - აღნიშნა რუდმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საწყისი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ობიექტის მომდევნო ეტაპისთვის მომზადებას გულისხმობს.

„მივყვებით გრაფიკს, ჯერ-ჯერობით არაფერი არ შეცვლილა. მიმდინარეობს დეტალური დიზაინის დამუშავება. ასევე, ვაპირებთ სამი ძალიან დიდი ტენდერის გამოცხადებას. ერთ-ერთი მათგანი არის დაღრმავების და რეკლამაციის, რომელშიც სავარაუდოდ საერთაშორისო კომპნიები მიიღებენ მონაწილეობას. ამ წუთებში მიმდინარეობს ორკილომეტრნახევრიანი სადრენაჟო არხის მშენებლობა, რომელიც ამ ტერიტორიის ძირითად წყალს დააგროვებს. ასევე, ხდება ჰუმუსოვანი ფენის მოსუფთავება. ივლისში დავიწყებთ დაღრმავების და ე.წ რეკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს, დაახლოებით, ოთხნახევარი კუბურიმეტრი მიწის ამოღებას ზღვის ფსკრერიდან და პორტის 110 ჰა ტერიტორიაზე მოყრას. სამუშაოები გაგძელდება სამი წლის მანძილზე და 2020 წლისთვის ჩვენ პირველ გემს შემოვიყვანთ“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო. პორტის ოპერირება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;

• გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველჰყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე);

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება;

• 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


Print