რეგიონი
"კონფლიქტი საქართველოში" - ევროპის საბჭოში დღეს ტორბიონ იაგლანდის ანგარიში განიხილება
დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. ანგარიშის განხილვას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს. თავის გამოსვლაში ის ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“, რაც საქართველოს მხრიდან განიხილება როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე დავით ზალკალიანი ასევე ისაუბრებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ მიმდინარე საკითხებზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

Print