რეგიონი
ნუგზარ წიკლაური: კორცხელის ინციდენტი იყო თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მრჩეველი ნუგზარ წიკლაური კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხა. მან 2016 წლის 22 მაისს შუალედურ არჩევნების დროს კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო. სხდომაზე წიკლაურმა აღნიშნა, რომ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც მალევე განიმუხტა, თუმცა შემდეგ, 15-20 ადამიანი მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხა თავს. ნუგზარ წიკლაურის თქმით, მან არ იცის, თუ ვინ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ახსოვს, რომ ნიკანორ მელიასთან ჩხუბში სპორტსმენი გიორგი გიგაური იყო ჩართული, ხოლო აკაკი მინაშვილს კობა ტყეშელაშვილმა დაარტყა.

„კორცხელში გამართულ არჩევნებზე მე ვიყავი დამკვირვებელი. ვიმყოფებოდი საარჩევნო უბანთან, როდესაც ატყდა სიტყვიერი შელაპარაკება. ეს ხდებოდა საარჩევო უბნის შესასვლელთან, ეზოს ჭიშკართან. რადგან მე ვიყავი შორს ვერ დავინახე, ვინ ვის დაუპირისპირდა, თუმცა დაპირისპირებამდე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. მათ შორის ინციდენტის დაწყებამდეც შეიმჩნეოდა დაძაბულობა“, - აღნიშნა წიკლაურმა სდომაზე.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მრჩეველმა განაცხადა, რომ ბრალდებულები პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლები უფრო არიან, ვიდრე დამნაშავეები. მისი თქმით, ინციდენტის მონაწილე სპორსტმენები არასოდეს ყოფილან პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები, შესაბამისად, ეს უფრო იმათი დანაშაულია, ვინც დაგეგმა და ეს ჯგუფი კორცხელში გამოაგზავნა.  

„გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ მხოლოდ ამ ადამიანებს წაუყენა ბრალი, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი განხილვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც გაიმართება სასმართლო, ის იქნება ნამდვილი და პასუხს აგებენ ის ადამიანები, რომლებმაც დაგეგმეს ეს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე და კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, ვინც ორგანიზება გაუწია ბარბაროსულ თავდასხმას... ეს არის პოლიტიკური დანაშაული და პოლიტიკური თავდასხმა“, - განაცხადა წიკლაურმა.

სასამართლო დღეს ოპოზიციური პარტიის წევრს აკაკი მინაშვილს მოუსმენს.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, მათ შორის, დიმა ლაშხიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

მორიგი დაკითხული მოწმე კორცხელის საქმეზე: დიდი დრო გავიდა მიჭირს დეტალების გახსენება

Print