რეგიონი
სოხუმი: აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია
სოხუმში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს გაეცნენ, წერს ინტერნეტ-პორტალი "აიაირა". გამოცემის ცნობით, შეგროვდა და განადგურდა 4 ტონა იმაგო (განვითარების სტადიაში მყოფი მწერი), რაც 24 მილიონამდე ზრდასრულ ფორმას უდრის.

სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გატარებული ზომების შედეგად, მდგომარეობა ამ დროისათვის დასტაბილურდა, რამაც დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნოებას 6 მილიარდი რუბლის ოდენობის ზარალის აცილების საშუალება მისცა.

აფხაზური პროდუქცია, რომლის "იმპორტი" რუსეთის სანიტარულმა უწყებამ, აზიური ფაროსანას გავრცელების გამო, დროებით 2 აპრილს აკრძალა, ქვეყნის ბაზარს 10 აპრილიდან ისევ დაუბრუნდა, თუმცა „როსსელხოზნადზორის“ კონტროლის ქვეშ. აღნიშნული გადაწყვეტილება 5 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიიღეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ზომებს, რომლებიც აფხაზურმა მხარემ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიიღო.

უწყების ცნობით, მავნებელ მწერთან ბრძოლა რუსეთის მიერ სანქციების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდება.


Print