რეგიონი
ზუგდიდში ქართულ-ფრანგული სკოლის 15 წლის იუბილე აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა 15 წლის გახდა. სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა იუბილე კულტურის ცენტრ „ოდიშში“ ღონისძიებით აღნიშნეს. აღსაზრდელებმა ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ ფრანგულ ენაზე სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. კონცერტზე საგანგებოდ ჩამოსულმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარმა აღნიშნა, რომ ოთხი წელია საქართველოში იმყოფება, თუმცა ასეთი მაღალი დონის ღონისძიებას აქამდე არ დასწრებია.


„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ზუგდიდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა არის, ვინაიდან ეს არის სკოლა, სადაც ფრანგული ენა ისწავლება მაღალ დონეზე. ამისთვის მე გულითად მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს, პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით, ბავშვებს. ფრანგული ენის შესწავლით მათ სამომავლოდ ეხსნებათ ძალიან ბევრი პერსპექტივა, არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ფრანგულენოვანი სამყაროს მიმართულებით,“ - აღნიშნა ლავუარიმ. 

მისი თქმით, საფრანგეთი ღიაა ახალგაზრდებისთვის და მზადაა, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღოს საქართველოდან.



ქართულ- ფრანგული სკოლა ზუგდიდში კახაბერ ფარცვანიამ 2003 წელს დაარსა და მას დღეს 160-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს.

Print