რეგიონი
ზუგდიდის ბულვარში დაზიანებული მცენარეების ნაცვლად ახალი დაირგვება
ზუგდიდის ბულვარში ახლად დარგული პირაკანტები დაზიანდა და მათი ამოყრა დაიწყეს. ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ ახორციელებს. მისი დამფუძნებელის კობა ხარშილაძის განმარტებით, შეცდომა არც მცენარის დარგვის და არც ტრანსპორტირების პროსცესში დაშვებულა. მისი თქმით, მცენარემ ძლიერი ქარისა და სიცხის გამო მოიწყინა. 

„არცერთი მათგანი არ არის გამხმარი, მათ ტრანსპორტირების შემდეგ ვეგეტაციის პროცესი არ დაუსრულდათ და უბრალოდ მოიწყინეს. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ხარისხიანად იყოს გაკეთებული, ვიღებთ პასუხისმგებლობას და რამდენიმე დღეში იგივე სახეობის მცენარის ახალ ნერგებს ჩავრგავთ. თუ არ ვცდები, ჩაბარების ვადა ივნისის ბოლომდე გვაქვს“, - აღნიშნა ხარშილაძემ.

კომპანიაში არ აზუსტებენ, თუ რამდენი მცენარის ძირის ამოღება და ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო.

„ეს არ არის მერიის და არც საზოგადოების ზარალი. ეს არის კომპანიის ზარალი და შესაბამისად, ჩვენი პრობლემაა“, - ამბობენ შპს „გრინსერვისში“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბულვარში სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება და მათ ტენდერით გათვალისწინებული პირობებით ჩაიბარებენ.

ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ ახორციელებს. პროექტის ჯამური  ღირებულება 910 ათას 532 ლარია.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბულვარში ახალი სკამების და სანაგვე ურნების მოწყობა მიმდინარეობს (ფოტო)





Print