რეგიონი
საჩინოს მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ პროტესტის ნიშნად ქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. საჩინოელების თქმით, მათ მუნიციპალიტეტის მერია უკვე წლებია ამ პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ჰპირდება.

,,ვითხოვთ ხელისუფლებისგან კონკრეტულ თარიღის დასახელებას, თუ როდის მოაგვიწესრიგებენ ინფრასტრუქტურას. სასმელი წყალიც კი არ გვაქვს... ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგვაქცია პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

გარდა ამისა, საშანიოს უბნის მოსახლეობა,  კომპანია ,,ფერეროს" გზის სავალი ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს. ადგილობრივების ცნობით, კომპანია აღნიშნულის გამო ერთხელ უკვე დაჯარიმდა, თუმცა გზის იმ მონაკვეთს, რომელიც თხილის პლანტაციას მიუერთდა, დღემდე საკუთრებად მიიჩნევს.

რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ უთხრა, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს, როგორც გზის რეაბილიტაციის, ასევე წყალმომარაგების პროექტების მომზადება. როგორც კი მას ექნება საბოლოო სახე და პროექტი დაფინანსდება, დაიწყება შესაბამისი სამუაშოები. თუმცა, როდის იქნება ეს ზუსტი თარიღი არ ვიცი“, - აღნიშნა ფარცვანიამ.

რაც შეეხება „ფერეროს“ მიერ გზის ნაწილის შესაძლო მითვისებას, მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან და ამ საკითხს მოსახელობის ჩართულობით შეისწავლიან.

თავის მხრივ, კომპანია "ფერეროში" ამბობენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.



Print