რეგიონი
"ნატოს თასის" გამარჯვებული ხობის საკრებულოს გუნდი გახდა
სამეგრელო- ზემო სვანეთში, ნატოს დღეების ფარგლებში, მინი ფეხბურთში "ნატოს თასის" მფლობელი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდი გახდა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს ხობის საკრებულოს და ჩხოროწყუს მერიის გუნდები დაუპირისპირდნენ.



ტურნირში სულ სამეგრელო- ზემო სვანეთის მერიებისა და საკრებულოების ცამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელთან ერთად, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.


ტურნირი "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნატოს დღეები საქართველოში 16 აპრილს გაიხნა და 1 მაისამდე გაგრძელდება. წელს ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით არაერთი ღონისძიება იმართება.

ნატოს დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან.

Print