ახალი ამბები
დონდუა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ოთხოზორიას მკვლელობის საქმე ხაზგასმულია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა. აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევით მკვლელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

გარდა ამისა, დონდუას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში დეტალურად არის ასახული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, სადაც რუსეთის ათასობით ჯარისკაცი და მესაზღვრე უკანონოდ იმყოფება. ამასთან, ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.



„ასევე აღნიშნულია, რომ 300 000 იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე და უხეშად ირღვევა მათი საკუთრების უფლება. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლება და შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყლის მიწოდებასა და სასაფლაოებზე წვდომა შეზღუდულია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, მათ შორის, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან. ხაზგასმულია, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება გალის მოსახლეობას, საიდანაც ბავშვები ქართულ სკოლებში განათლების მისაღებად ყოველდღიურად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს. აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. ანგარიშში ასევე საუბარია მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებზე აფხაზეთის რეგიონში იმ პირობებში, როცა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის პედაგოგებმა თუ მოსწავლეებმა არ იციან რუსული ენა. ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გალის რაიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ ე.წ. დოკუმენტების მხრივ არსებული გაურკვეველი ვითარება აისახება გალის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დამატებით შეზღუდვაზე... ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით,“ - განაცხადა დავით დონდუამ.




Print