ახალი ამბები
სამეგრელოში გამოხდილი ჯინი და არაყი ავსტრალიასა და გერმანიაში იყიდება
სამეგრელოში, სოფელ კოლხიდაში მინი საწარმოში გამოხდილი ალკოჰოლრი სასმელები ავსტრალიის შემდეგ ექსპორტზე გერმანიაშიც გავიდა. პირველად ჯინი, რომელიც ღვიასგან მზადდება, ავსტრალიაში რამდენიმე წლის წინ გაიტანეს. საწარმოს მეპატრონეების მანანა ტრენკლესა და მისი გერმანელი მეუღლის იოაჰიმ ტრენკლეს თქმით, მათი ჯინი ავსტალიაში საკმაოდ პოპულარულია და კარგად იყიდება.

„ჩემმა მეუღლემ რაჭაში აღმოაჩინა ღვია, რომლისგანაც ჯინი კეთდება. დავიწყეთ გამოხდა. შემთხვევით, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმარს მოეწონა, დაგვეკონტაქტა და ასე გავიტანეთ პირველად ავსტრალიაში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ საწარმოს მფლობელმა მანანა ტრენკლემ.



გერმანიაში კი სხვადასხვა ხილისგან დამზადებული არაყი და ჯინი ექსპორტზე პირველად წელს გავიდა და ალკოჰოლური სასმლის ორივე სახეობა ბერლინის ერთ-ერთ სუპერმარკეტში იყიდება, ნახევარი ლიტრის ფასი 40-დან 50 ევრომდე მერყეობს.

„შეიძლება ითქვას, რომ ბიო პროდუქტია, თუმცა საექსპორტოდ ამის დამტკიცება გვიჭირს. ჯინი 45 გრადუსია, არაყი კი - 42. საქართველოში ჩვენ ნახევარ ლიტრ სასმელს 30 ლარად ვყიდით“, - აღნიშნა ტრენკლემ.

მეწარმეები ამბობენ, რომ ისინი არაყს ყოველგვარი დანამატების, შაქრისა და წყლის გარეშე ხდიან. ისინი ყოველწლიურად თითო ხილისგან 5-6, ჯამში კი 50 ტონამდე ხილს ამუშავებენ.

„ვაკეთებთ სხვადასხვა ხილის, მათ შორის, ფეიხოას, კარალიოკის, მსხლის, ვაშლის, ლეღვის, კომშის არაყს. აქედან ყველაზე კარგი ლეღვისა და კომშის გამოდის“, - აღნიშნა ტრენკლემ.

მომავალში მეწარმეები საკუთარი ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ. მათი მიზანია, პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და ამერიკის ბაზარზე გაიტანონ.

ამავე თემაზე

გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული არაყი (ვიდეო)

ბიზნესად ქცეული ტრადიცია - ქართული ხილის არაყი ევროპაში გაიყიდება

Print