რეგიონი
აფხაზეთის ომში დაკარგული კიდევ 22 ნეშტია ამოცნობილი
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამედიცინო-ანთროპოლოგიურ ექსპერტიზაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოჯახების ინფორმირება მათთვის ნეშტების გადაცემისა და ოფიციალური ცერემონიის შესახებ.

“დღეს კიდევ 22 ოჯახისთვის დასრულდა ხანგრძლივი გაურკვევლობა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება. ოჯახებს უფლება აქვთ იცოდნენ მათი ხვედრის შესახებ“, - აღნიშნა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბილიანა მილოშევიჩმა.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 148 ამოცნობილია, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.




Print