ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომენტაროდ დატოვეს (ვიდეო)
ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშში“ „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ, რომელთაც ზუგდიდი ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვეს.

დღეს პარტიამ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დელეგატები და ბიურო აირჩია. თავმჯდომარის პოსტს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია დაიკავებს.



“მადლობა გუნდს, მათ ერთხმად ამირჩიეს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოსახლეობის ხვალინდელი დღის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა გოგიამ.

შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაც იმყოფებოდა.



„იყვნენ საპატიო სტუმრები, იყო მსჯელობა გავლილ გზასა და გამოწვევებზე. შევთანხმდით, რომ ერთიანად გავაგრძელებთ მუშაობას ხვალინდელი დღისთვის“, - თქვა ქვარაიამ.

კულტურის ცენტრ „ოდიშში“, სადაც აღნიშნული კონფერენცია გაიმართა, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და ზუგდიდის მერიის აიპი-ების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მერაბ ქვარაიას განმარტებით, შეხვედრას დელეგატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.



„თუ რომელიმე საჯარო მოხელე იმყოფებოდა აქ, დარწმუნებული ვარ, ექნებოდა კანონიერი საფუძველი, შესაბამისად, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ“, - განმარტა მაჟორიტარმა.



"ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენცია ზუგდიდში, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდა.

ამავე თემაზე:

"ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაშა გოგია აირჩიეს


Print