რეგიონი
სოხუმი: გალის რაიონში 2,5 ტონა ფაროსანა შეაგროვეს
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთში 25 ათასამდე კერძო მეურნეობა დამუშავდა და 4,2 ტონა მავნებელი შეგროვდა. ამის შესახებ სოხუმში გამართულ თათბირზე, რუსეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დირექტორმა პიოტრ ჩეკმარიოვმა განაცხადა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მეტი რაოდენობის ფაროსანა (2,5 ტონა) გალის რაიონში შეგროვდა, ოჩამჩირის რაიონში - 620 კგ, გულრიფშის რაიონში – 580 კგ, ტყვარჩელში - 230 კგ, წერს „აბხაზია ინფორმი“. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მავნებელი მწერი გამოზამთრების სტადიას ასრულებს და მცენარეებზე გადადის. მათ, ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ამ მხრივ, ადგილობრივი ადმინისტრაციების დახმარების აუცილებლობაზე გაამხვილეს ყურადღება.

გამოცემის ცნობით, აზიური ფაროსანა შავის ზღვის სანაპიროზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა. 2014 წელს მავნებელი რუსეთში, კერძოდ, სოჭში გავრცელდა. 2015 წელს, ის აფხაზეთის და რუსეთის ტენიან სუბტროპიკებს მასიურად მოედო. 2016 - 2017 წლებში ფაროსანამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ხილსა და სუბტროპიკულ კულტურებს.

Print