ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრმა 150-ე სეზონი პრემიერით გახსნა (ვიდეო, ფოტო)
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულმა თეატრმა 150 წლის იუბელეზე მაყურებელს სპექტაკლის „ეზოში ავი ძაღლია“ პრემიერა შესთავაზა. რეჟისორ ოთარ ეგაძის მიერ დადგმულ წარმოდგენაში ზუგდიდის თეატრის დასი მონაწილეობდა.



„დიდი პატივია ჩემთვის, რომ მთხოვეს დავხმარებოდი. გადაწყობის მომენტში, 150 წლის თეატრი რომ ინგრევა და შენდება, რთული პროცედურაა და გამიხარდა, ასე რომ მენდნენ. გადავწყვიტეთ, ძველებური პიესა აგვეღო და მიგვეცა მისთვის სულ სხვანაირი სიცოცხლე. არაჩვეულებრივი დასია და და მაყურებელიც, რომელიც გვერდზე დაუდგა მსახიობებს“, - უთხრა ჟურნალისტებს რეჟისორმა ოთარ ეგაძემ.



მანამდე ეზოში პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც პანტონიმის თეატრის მსახიობებმა მაყურებელს ახალი სეზონის გახსნა ამცნეს.



სპექტაკლი კულტურის სახლში გაიმართა, სადაც თეატრი ბინას საკუთარი შენობის რეაბილიტაციამდე, ორი წლის განმავლობაში დაიდებს. სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს სიტყვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ წულუკიძემ და ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ მიმართეს და საზოგადოებას ახალი თეატრალური სეზონის დაწყება მიულოცეს.



სპექტაკლის ბოლოს მაყურებელს მადლობა მსახიობებმა გადაუხადეს. მათი თქმით, ისინი სხვა წარმოდგენებზეც მუშაობენ და აქტიური სეზონისთვის ემზადებიან.



„გიჟური რეპეტიციები გვქონდა, ემოციები ძალიან დიდია და მინდა თქვენ ყველას დიდი მადლობა გითხრათ. სპექტაკლიც სწორადაა შერჩეული სხვა ინტერპრეტაციით. პარალელურად ვმუშაობთ და ახალ დადგმას მაყურებელს მალე შევთავაზებთ“, - თქვა მსახიობმა მარინა დარასელიამ.



სპექტაკლს ადგილობრივი ხელოსუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის თეატრი 150-ე სეზონს პრემიერით ხვდება


Print