ახალი ამბები
„არა ჩადებას“ - მსჯავრდებულის ახლობლების აქცია პროკურატურასთან (ვიდეო)
მსჯავრდებულის პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, ნანეიშვილი უდანაშაულოა და მას ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“. ისინი პროკურატურისგან საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ. ოჯახის ცნობით, მსჯავრდებული, რომელიც 20 დღეზე მეტია შიმშილობს, გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.



„გეგუთის ციხეში იხდის სასჯელს, თუმცა ცუდად გახდა და გლდანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შიმშილობს, გვაცნობა, რომ კვდება... ჩვენ ვიცით, რომ ის უდანაშაულოა და მას იარაღი არასოდეს ჰქონია. თუ მართლა ჩემი შვილიშვილის იარაღი იყო, რატომ არ აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდები იარაღზე, მას ეს ჩაუდეს. ამ საქმის ერთადერთი მოწმის ჩვენება კი საერთოდ არ მოგვისმენია, რადგან სხდომა დახურეს“, -თქვა მსჯავრდებულის ბებიამ ქუჩუჩა ნანეიშვილმა.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბის მკვიდრს პაპუნა ნანეიშვილს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება ედება და მას 6 წლით თავისუფლების ღკვეთა აქვს მისჯილი. ის სასჯელს გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეორე წელია იხდის.

ამავე თემაზე:

მსჯავრდებულის ახლობლებმა სოფელ თორსაში აქცია გამართეს (ვიდეო)
Print