რეგიონი
„ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ - პროექტის პრეზენტაცია სენაკში (ფოტო, ვიდეო)
სენაკში არასამთავრობო ორგანიზაციის People in Need ახალი პროექტის „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ახალგაზრდები დაესწრნენ.



აღნიშნული პროექტი სენაკისა და გორის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. მისი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.



პროექტის დაწყებამდე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, შეირჩევა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს პროექტს. მეორე საგრანტო სქემა განსაზღვრულია უშუალოდ ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.



პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით ხორციელდება. ის 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.


ფოტოები: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
Print