ახალი ამბები
ჯვარში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებულ მიკროავტობუსებში 2 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, სხვადასხვა სურსათთან, მეორე შემთხვევაში - მგზავრების სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამე შემთხვევაში - სპეციალურ სამალავებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

Print