რეგიონი
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს გრანტები და ტექნიკა გადაეცათ (ფოტო, ვიდეო)
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და „Arbeiter-Samariter-Bund საქართველომ“ ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად მატერიალური ფასეულობები გადასცა. ღონისძიება ანაკლიაში გაიმართა.




ცერემონიაში 13 ბენეფიციარს სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი გადაეცა. თითოეული მათგანისთვის გადაცემული მატერალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს შეადგენს.



„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში გადავცემთ მატერიალურ ფასეულობებს, მათ შორის, სხვადასხვა ინვენტარს, ტექნიკას და დანადგარებს ჩვენს ბენეფიციარებს. პროექტის მონაწილეებისთვის ასევე გათვალისწინებულია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სერვისი, ბიზნეს ტრენინგები, სტაჟირება და პროფესიული გადამზადება“, - აღნიშნა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამის მენეჯერმა დავით გუჩუამ.



აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.




პროექტში ამ ეტაპზე შიდა ქართლის, იმერეთის, კახეთის და სამეგრელოს რეგიონიდან 100-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. ისინი ოთხდღიაქნ ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები“ დაესწრნენ. მათმა ნაწილმა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა და ბიზნესის დასაწყებად 400 ევრო მიიღო, ნაწილმა კი ბიზნეს ტრენინგი გაიარა და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად 1200 და 3000 ევრო მიეღოთ.



პროექტი შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონსა და თბილისში ხორციელდება. ის 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი სხვადასხვა სარგებელს მიიღებს.



2018 წლის აგვისტოში აღნიშნულ რეგიონებში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება.

Print