ახალი ამბები
მესტიის პოლიციის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბაკურაძეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ წარუდგინა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამმართველოს უფროს მოადგილედ ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი დაინიშნენ. სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

„მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print