რეგიონი
ფოსტის გენერალურ დირექტორს ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ზუგდიდში საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელი კახა მიქაია შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორს ლევან ჩიკვაიძეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მიქაიას მტკიცებით, ჩიკვაიძემ მისი თანაგუნდელები: ალიკა გეთია, საშა მოლაშხია და დათო სორდია პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამასთან, მან ჟურნალისტებს აუდიო ჩანაწერი წარუდგინა, რომელშიც, მისივე მტკიცებით, ერთ-ერთი გათავისუფლებულის დათო სორდიას და ლევან ჩიკვაიძის საუბარია ჩაწერილი.

„მესმის, რომ ეს არ იყო ჩიკვაიძის გადაწყვეტილება, ეს არის მისი ზემდგომის დავალება ანუ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, რადგან ჩვენ აქტიურად ვაკრიტიკებთ ამჟამინდელ მთავრობას, რადგან ისინი სააკაშვილის გზას დაადგნენ. საქმე გავაქვს ადამიანის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან, რასაც ჩვენ წლების წინ ერთად ვებრძოდით. იმ დროს მთელმა საქართველომ, სწორედ ჩვენგან და ამ ადამიანებისგან გაიგო, თუ რა ხდებოდა სამეგრელოში წინა ხელისუფლების დროს. ახლა მით უმეტეს ჩვენ არ გავჩერდებით და არ შევეგუებით ამ უსამართლობას“, - აღნიშნა მიაქიამ.

პრესკონფერენციაზე ალიკა გეთია, საშა მოლაშხია და დათო სორდიაც იმყოფებოდნენ. როგორც სორდიამ ჟურნალისტებს უთხრა, მას ეს გადაწყვეტილება ფოსტის ხელმძღვანელისგან არ გაკვირვებია, რადგან მისი თანამშრომელი ამავე მოტივით ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს.

„თბილისში დამიბარეს აპრილის შუა რიცხვებში. ვიცოდი რაზეც მიბარებდნენ და ტელეფონში ჩამწერი ჩავრთე. ჩიკვაიძე მეუბნება, რომ მე შემეცვალა შეხედულება და ამის გამო უნდა გამათავისუფლოს სამსახურიდან. მან ასევე აღიარა, რომ ეს მისი გადაწყევტილება არ იყო“, - თქვა სორდიამ.

დათო სორდია  ამბობს, რომ მან ფოსტიდან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ცნობა 27 აპრილს მიიღო.

„ეს ცნობა გამომიგზავნეს და მე ხელი არ მაქვს მოწერილი. ამის მიუხედავად, მომდის მეორე ცნობა იმის შესახებ, რომ მე დამერიცხა 2700 ლარი აპრილის თვის ხელფასი, როდესაც მე ერთი თვის განმავლობაში ამდენი ხელფასი არ მაქვს. ეს ნიშნავს კონპენსაციას... მე არ მიმიტოვებია ფოსტაში სიარული და არც ვაპირებ. სამსახური დატოვოს იმან, ვისაც დასატოვებელი აქვს“, - თქვა მან.

მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ისინი საქართველოს პროკურატურას და ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ ამ საქმით დაინტერესდნენ.

აღნიშნული პირები საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალში 2012 წლიდან მუშაობენ.

ფოსტის გენერალური დირექტორი რადიო "ათინათის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჩიკვაიძის კომენტარს მასთან დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ. 



Print