ახალი ამბები
წალენჯიხაში ფაროსანასთან დაკავშირებით იტალიელმა სპეციალისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს (ვიდეო)
წალენჯიხაში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ოფისში, აზიური ფაროსანას მონიტორინგის და მავნებლის სხვადასხვა ჯიშის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა, რომელიც ცნობილმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით აგრონომებისთვის, სპეციალისტებისა და ფერმერებისთვის შედგა.



„იტალიაში ვახორციელებთ აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამას, ფერმერებს ვაწვდით საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ შეძლონ თავიანთი პლანტაციის კონტროლი. ზუსტად იგივე პროგრამის განხორციელებას ვიწყებთ საქართველოში იმისათვის, რომ შევძლოთ ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდება და აზიური ფაროსანას კონტროლი“, - თქვა ლუჩიანო ტაველამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით სახელწმიფო სხვა ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს, ამასთან, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები, რაც მავნებელთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას და გამოყენებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ითქვა, რომ აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც. აგროკონსულტანტები მონიტორინგის სისტემებს 200 წერტილში განათავსებენ. 



ღონისძიებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, კომპანია „აგრიჯორჯიას“ წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ.

Print