რეგიონი
მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია რუხი მოლთან გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა, სავაჭრო ცენტრ "რუხი მოლის" მიმდებარედ დღეს აქცია გამართეს. ისინი ქალაქში არსებული სხვა სადგურების დახურვას ითხოვენ. 

„მოვითხოვთ ყველა იმ სადგურის დახურვას, რომელიც ულიცენზიოდ მუშაობს. მათ გადასახადები არ შეაქვთ, ჩვენ კი გვახდევინებენ. მოგვაქციონ ყურადღება და მოაგვარონ ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ“, - აცხადებენ მძღოლები.

არსებული ინფორმაციით მძღოლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რასაც თავად აქციის მონაწილეები უარყოფენ.

შს სამინისტრის ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან.

„ერთმა მძღოლმა გააკეთა შეტყობინება, რომ დანარჩენმა ორმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მიმდინარეობს გამოკითხვები 126- ე მუხლით“, - აცხადებენ შსს-ში.

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები გუშინ გაიფიცნენ.


Print