რეგიონი
"მეც შემიძლია!" - ზუგდიდში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე აღნიშნეს (ფოტო, ვიდეო)
სკეიტპარკში სოციალური კამპანიის - „მეც შემიძლია!“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ბენდ Under 7 - თან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა იმღერეს. გაიმართა პარაოლიმპიური შეჯიბრებები და საბავშვო ღონისძიებები. მოგვიანებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში შშმ პირთა თემატიკაზე ფოტოების გამოფენა მოეწყო.



„დღეს 5 მაისია, ეს დღე ევროპაში აღინიშნება, როგორც შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სახელმწიფოებში შშმ პირები სხვადასხვა პრობლემების წინაშე დგანან. დღევანდელი ღონისძიებით ვეცადეთ გვეჩვენებინა, რომ მათაც შეუძლიათ - იყონ არტისტები, მხატვრები, რომ შეუძლიათ იყონ დამოუკიდებლები“, - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ფონდ „ვერდას“ წარმომადგენელმა აგნეშკა შეიკამ.




პროექტის „მეც შემიძლია“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მიდგომების შეცვლა და მათი უფლებების დაცვის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.



„მე ვმუშაობ შშმ პირთა აღმზრდელობით ცენტრში, სადაც ვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ჩვენთან მომავალ პროფესიას ეუფლებიან. ამ კამპანიით გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ არ არსებობს ბარიერები, იქნება ეს ფიზიკური თუ გონებრივი შეზღუდვა - ყველას აქვს უფლება იცხოვროს სრულფასოვნად“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქალაქ ტორუნის იანუშ კორჩაკის სახელობის სპეციალური სკოლის წარმომადგენელმა ბეატა ლიშეცკამ.



ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „ვერდა“ ( Fundacja VERDA), სპონსორი კი პროგრამა "RITA". პარტნიორები: შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია "ჰანგი“, რადიო "ათინათი" (www.radioatinati.ge) და ქალაქ ტორუნის იანუშ კორჩაკის სახელობის სპეციალური სკოლა (www.sosw.torun.pl).

Print