ახალი ამბები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR)“ ასოცირებული წევრი ორგანიზაცია გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაქოში ასოციაცია TITR-ის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა შეატყობინა.

მათივე ცნობით, ასოციაციაში ანაკლიის პორტის გაწევრიანებას კენჭისყრაზე საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

“შუა დერეფნის წევრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ იგრძნობოდა მხარდაჭერა და დიდი მოლოდინი, რომელიც ახალი პორტის მიმართ ჩვენს პარტნიორებს აქვთ. საქართველო „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ჩვენს ქვეყანაში შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის აუცილებელი პირობაა. ანაკლიის პორტს მიმართ ინტერესი საგრძნობლად მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ოპერირებს და მშენებლობის ადრეულ ეტაპზეა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, - თქვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის ცნობით, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტი“ აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებს აერთიანებს. მისი წევრები არიან წამყვანი საზღვაო და სატრანსპორტო კომპანიები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან. გაერთიანება მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას, აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას და სპეციალური შეღავათიანი ტარიფების შემუშვებას. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი კონკურენციას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტებს უწევს.

TITR-ის სხდომა ბაქოში მიმდინარე სერთაშორისო საპორტო კონფერენციის პარალელურად გაიმართა, რომლის მონაწილეები ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლია სითიც“ არიან. მათი წარმომადგენლები შეხვედრებს საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან მართავენ.

ანაკლიის პორტით „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წარმომადგენლები 2018 წლის იანვარში დაინტერესდნენ. TITR-ში გაწევრიანებასთან ერთად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ უკვე თანამშრომლობს შუა დერეფნის სტრატეგიულ პორტებთან, როგორებიც არიან კურიკი (ყაზახეთი), აქტაუ (ყაზახეთი), ხორგოსი (ყაზახეთი-ჩინეთი), ბაქოს პორტი (აზერბაიჯანი).


Print