ახალი ამბები
ფოთში ბავშვის, სავარაუდოდ, კროტით ინტოქსიკაციის ფაქტზე მაღაზიის გამყიდველი გამოიკითხა
ფოთელი არასრულწოვანი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ, კროტით მოიწამლა, იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. საავადმყოფოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პაციენტი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„მოწამლულია დაუდგენელი ნივთიერებით. ამ ეტაპზე გამოკვლევების პარალელურად პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ უკვე გამოიკითხა მაღაზიის გამყიდველი, სადაც შემთხვევა მოხდა. შსს-ში ამბობენ, რომ გამოკითხვები გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად მილის საწმენდი საშუალება „ბევრილ ჯგუფის“ ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭამა. ჯერჯერობით, უცნობია, გამყიდველმა არასრულწლოვნის ოჯახის წევრს მიჰყიდა თუ ბავშვმა გრანულები თვითნებურად აიღო.


Print