რეგიონი
ცაიშელებს არჩევნებზე ხმის ელექტრონულად მიცემის პროცედურები გააცნეს (ვიდეო)
ცაიშის 73-ე საარჩევნო უბანზე დღეს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატი გატესტეს. ადგილობრივ მოსახლეობას სიახლე ცესკოს წარმომადგენლებმა გააცნეს და საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგეს.

ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს შემდეგი პროცედურების გავლა მოწევს:

• მარკირება;

• რეგისტრატორთან პირადობის მოწმობის წარდგენა;

• ამომრჩეველთა სიაში საკუთარი გვარის გასწვრივ ხელმოწერა;

• რეგისტრატორისგან ბეჭდით დამოწმებული ერთი საარჩევნო ბიულეტენის და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის აღება;

• კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე სპეციალური მარკერის გამოყენებით საცდელი ოვალის გაფერადება;

• კენჭისყრის კაბინაში სპეციალური მარკერით სასურველი ერთი სუბიექტის რიგითი ნომრის გასწვრივ არსებული შესაბამისი ოვალის გაფერადება;

• შევსებული საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში, საარჩევნო ბიულეტენზე არსებულ შესაბამის ნიშნულამდე;

• კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალურ აპარატში ;

• სპეციალური ჩარჩო კონვერტის დადება მისთვის განკუთვნილ მაგიდაზე.

"აღნიშნული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება, სატესტოა და მისი დანერგვა ამომრჩევლების აქტიურობაზეა დამოკიდებული. აპარატის დადებით და უარყოფით მხარეებს შემდგომ განვიხილავთ. ამ შემთხვევაში ჩვენი ფინანსური მხარდამჭერი, კანადის მთავრობაა", - თქვა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.



სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

Print