ახალი ამბები
ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებულის სასამართლო პროცესი შემოქმედებითი საღამოს გამო გადაიდო
ზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის ზეინაბ მორგოშიას საქმის განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად მიზეზი მოპასუხე მხარის, მერიის ააიპ  "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მადონა მაქაცარიას გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ სხდომაზე სასამართლოში შესული მაქაცარიას წერილი წაიკითხა, რომელშიც მისი პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი იყო განმარტებული.

"ოზურგეთის ბიბლიოთეკიდან მოწვევის წერილი მოვიდა, რომლითაც 11 მაისს 14 საათზე შემოქმედებით საღამოზე ვარ მიწვეული. წერილში წერია, რომ მთხოვენ დავესწრო ღონისძიებას, რომელზეც იქნებიან პოეტები  სხვადასხვა რეგიონიდან. ამასთან, მთხოვენ წავიყვანო ბიბლიოთეკარები, რომლებიც მღერიან", - აღნიშნულია ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" წერილში, რომელიც მოსამართლემ მხარეებს გააცნო.

სწორედ ამ მიზეზით ითხოვა მაქაცარიამ სხდომის გადადება, რასაც მოსარჩელე მხარე კატეგორიულად შეეწინააღმდეგა. სხდომაზე ზეინაბ მორგოშიამ განაცხადა, რომ ეს მაქაცარიას მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

"მას ჰყავს სამი მოადგილე, თანაშემწეები და შეეძლო, თავად არ წასულიყო ოზურგეთში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს დისკრედიტაციას აქვს ადგილი", - თქვა მორგოშიამ. 

ამავე პოზიციაზე იყო მოსარჩელის ინტერესების დამცველი საიას იურისტი ჯემალ ჭკადუაც. მისი თქმით, მაქაცარიას მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული.

მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მოპასუხე მხარის განცხადება დააკმაყოფილა და თქვა, რომ მაქაცარიას მხრიდან საქმისადმი ინტერესის დაკარგვა, უპასუხისმგებლობა ან სასამართლოს უპატივცემლობა არ იკვეთება. მან სხდომა 16 მაისამდე გადადო.

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლო ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვას იწყებს
Print