ახალი ამბები
მამუკა წოწერია მჯდომარე წესით დაკრძალვაზე: ეს წესი ყველა მუნიციპალიტეტისთვის სტანდარტულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული. მისი თქმით, მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„სასაფლაოების მოვლა-პატრონობის შესახებ ნორმატიულ აქტში ერთადერთი ბწკარი ეთმობა ამ საკითხს, რომელიც განსაზღვრავს მჯდომარე მადგომარეობაში ადამიანის დაკრძალვის შემთხვევაში იმის რეგულირებას, რა პარამეტრები უნდა იყოს დაცული. ეს არის ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთი და იგივე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიცვალებული ასეთ მდგომარეობაში შეიძლება დაიკრძალოს, მაგალითად, რომელიმე რელიგიური მრწამსის მიხედვით, ან, ადამიანი მჯდომარე მდგომარეობაში გარდაიცვალოს და მისი დაკრძალვა მხოლოდ ამ მდგომარეობაში იყოს შესაძლებელი.ამ ზოგად წესში ახალი არაფერია, ეს არის სტანდარტული სტრუქტურა და ფორმა, რომელთანაც შეიძლება შეხება გვქონდეს. დადგენილების მიღებამდე სამართლებრივ ექსპერტიზაზე გადავაგზავნეთ და არანაირი შენიშვნა არ მოსულა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წოწერიამ.

საია-ს ადგილობრივი ოფისის უფროსს ჯემალ ჭკადუას აღნიშნული ჩანაწერის მიზანშეწონილობასა და საჭიროებაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ დადგენილებაში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი, შესაძლოა, „მკვდარი“ ჩანაწერი იყოს.

"უნდა მოხდეს განხილვა, ცხოვრობენ თუ არა ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების ის წარმომადგენლები, რომლებსაც მჯდომარე მდგომარეობაში კრძალავენ მიცვალებულს, თუმცა, რა თქმა უნდა, საკრებულომ ყველა უმცირესობის უფლება უნდა გაითვალისწინოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა აიკრძალება. ეს ჩანაწერი უფრო იმ რეგიონებისთვისაა გაკეთებული, სადაც აღნიშნული ტრადიციის მატარებლები ცხოვრობენ ", - თქვა ჭკადუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 4 მაისს მიღებული დადგენილების "მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის", ერთ-ერთ პუნქტში "სასაფლაოების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ" მითითებულია, რომ გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში პერიოდულად აგზავნის სხვადასხვა ნორმატიულ აქტს, რომლის დამტკიცების გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს.

Print