რეგიონი
სოხუმში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა
სოხუმში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა და რეისის შესასრულებლად არ გამოვიდა. მიზეზად ოფიციალური უწყებების მიერ მათთვის მგზავრობის საფასურის გაზრდის აკრძალვა დაასახელეს.

„აფსნი ლაიფის“ ცნობით, მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა მგზავრობის საფასური თვითნებურად, 15-დან 20 რუბლამდე გაზარდა. ამასთან დაკავშირებით, ქალაქის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის წევრებიც არაერთხელ შეხვდნენ მძღოლებს და ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელობას. მოხელეებმა მათ შესთავაზეს, რომ მოიძიებენ ბიუჯეტში გარკვეულ თანხას, საწარმოსთვის დოტაციის და შესაბამისად, მძღოლებისთვის ხელფასის გასაზრდელად. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საშუალება არ გამოიძებნა, 2018 წლის 1 სექტებრიდან მგზავრობის საფასურის გაზრდას განიხილავენ.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის შედეგად კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მძღოლებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს და ამ ეტაპზე, მგზავრობის საფასურის შემცირებას არ გეგმავენ.




Print