ახალი ამბები
სასამართლომ ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა(ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ააიპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია სამსახურში აღადგინა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა და ბათილად ცნო. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ააიპ ბიბლიოთეკის მართვის ცენტრს განაცდურის ანაზღაურებაც დაევალა.

„რალურად ეს არ იყო ლიკვიდაცია, არამედ იყო რეორგანიზაცია. გვაქვს დასკვნა, რომლის შესაბამისად მორგოშია დასაქმებული იყო უვადოდ და არა ვადით, ასევე, ორგანიზაციულ ცვლილებას რაც შეეხება, თანამშრომლების საშტატო შემცირება არ მომხდარა.
მოსარჩელე მხარე მოპასუხემ არათანაბარ პირობებში ჩააყენა, შესაბამისად, იკვეთება დისკრიმინაცია“, - ასე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ დისკრიმინაციას, მოსამართლემ გათავისუფლების პოლიტიკური მოტივი არ დაადგინა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს დარბაზის გარეთ მცირე დაპირისპირება მოხდა. მორგოშია და მისი მეუღლე ალიოშა ალანია, რომელიც სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა, მადონა მაქაცარიას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მორგოშიას ინტერესებს სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის იურისტი ჯემალ ჭკადუა იცავდა. მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.



„თავიდანვე მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. დღეს გაიმარჯვა სიმართლემ. ჩემი შემდგომი ნაბიჯი კი იმისთვის ბრძოლა იქნება, რომ არაობიექტური დირექტორი წავიდეს თანამდებობიდან“, - აღნიშნა მორგოშიამ.

თავად მადონა მაქაცარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის, თუმცა დამატებით კომენტარი იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას, არ გააკეთა.



ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს. "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა. 

ამავე თემაზე:

ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებულის სასამართლო პროცესი შემოქმედებითი საღამოს გამო გადაიდო
Print