რეგიონი
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში "ევროსოფელი" მოეწყობა
ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით 19 მაისს ზუგდიდის ცენტრალურ პარკში „ევროსოფელი“ მოეწყობა. აქ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას და გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ის საქართველოს მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ევროკავშირის ზუგდიდის საველე ოფისის წარმომადგენლების თქმით, წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.

68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.

დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.
Print