ახალი ამბები
გუბერნატორის პრესსამსახური: ენმ-ის ცილისმწამებლური კამპანია შონიას იმიჯის შელახვას ემსახურება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტია ყველა „ბინძურს“ ხერხს იყენებს ლევან შონიას დისკრედიტაციისთვის.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაკავებულია მხოლოდ რეგიონისთვის საჭირო პროექტების განხორციელებით, რაც შეეხება ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც „ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წლების განმავლობაში ეწევიან, ემსახურება გუბერნატორის საქმიანი იმიჯის და რეპუტაციის შელახვას. რეგიონში გუბერნატორის ჩამოსვლის პირველი დღიდან ისინი ყველა ბინძურ ხერხს მიმართავენ ლევან შონიას დისკრედიტაციისთვის, რადგან ის წარმატებული და კარგი მენეჯერია. კონტრაბანდის წინააღმდეგ ეფექტურად იბრძვის სახელმწიფო. შესაბამისი უწყებების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად არაერთხელ მოხდა კონტრაბანდული საქონლის ამოღება. გასულ წელს ამ მუხლით 64 ფაქტი გამოვლინდა და ამოღებულია - დაახლოებით 557 600 კოლოფი სიგარეტი“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე ფინანსურმა პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. როგორც წითლიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, საქმე ეხება მათ მიერ შეტანილ განცხადებას, რომელშიც ზუგდიდში კონტრაბანდული საქონლის სავარაუდო შემოტანასა და გასაღებას უკავშირდება. წითლიძის მტკიცებით, აღნიშნულ საქმესთან კავშირი აქვთ მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის, გუბერნატორ ლევან შონიას და მათ დაკითხვასა და დასჯას მოითხოვს.


ამავე თემაზე:

ანა წითლიძე ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
Print