რეგიონი
გიგა ოთხოზორიას დედა: პოლიტიკური ნების არარსებობამ დამნაშავის დასჯის პროცესი შეაფერხა
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა, თუმცა მკვლელობაში ბრალდებული რაშინ კანჯი ოღლი სასჯელს არ იხდის. ოთხოზორიების ოჯახში ამბობენ, რომ დამნაშავის დასჯის ასე გაჭიანებურებას არ ელოდნენ. მოკლულის დედა ჯულიეტა ჭანტურია ფიქრობს, რომ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, ქართულმა სახელმწიფომ თავიდანვე არ გამოიჩინა ნება და საკითხი სათანადო სიმაღლეზე არ აიყვანა.

„ველოდებოდი, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა, რომ დამნაშავისა და მისი დამქაშებისთვის ეჩვენებინათ, რომ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა არავის შერჩებოდა. უმადურობა იქნება, რომ ვთქვა, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, თუმცა არანაირი შედეგი არ დანდგარა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭანტურიამ.

ფიქრობს, რომ ხელისფლების პოლიტიკური ნების არარსებობამ დამნაშავის დასჯის პროცესი შეაფერხა.

„არ იყო ნება იმისა, რომ ამ მკვლელობას მისცემოდა პოლიტიკური სარჩული, არ იყო ამის არავითარი სურვილი. კი ბატონო, პაატა ზაქარეიშვილმა მომიხადა ბოდიში მეც, ქართველებსაც... თუმცა ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა“, - თქვა ჭანტურიამ.



თვლის, მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრების არარსებობის შემთხვევაში ამბავი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდებოდა .

„განაჩენში წერია, რომ ტვირთვის გადაზიდვასთან შელაპარაკების ნაიდაგზე დაკავშირებით მოხდა მკვლელობა. სინამდვილეში მკვლელობა ქართველის და ქართული პასპორტის გამო მოხდა. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი ქართველ ახალგაზრდას გამოესარჩლა, რომელიც აბუჩად აიგდეს და ქართულ პასპორტს შეურაცხყოფა მიაყენეს. გიგას უთქვამს: ჩვენს მიწაზე ხართ და რას ბედავთო? სწორედ ამას მოყვა ის, რაც მოხდა. ჩემს შვილს დაჩაგრულის გვერდის აქცევა და გასაჭირში ადამიანის დატოვება არ შეეძლო“, - აღნიშნა გიგა ოთხოზორიას დედამ.




ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ უშუალო მკვლელზე არანაკლებ დამნაშავეა სამი პირი, ვინც კანჯი ოღლის თან ახლდა. მისი თქმით, მათ მიმართ ქართულ საგამოძიებო უწყებას არანაირი კითხვა არ ჰქონია.

„ერთი მათგანი დაჭრილ გიგას წიხლებით შედგა. ის ნაკლებად დამნაშავეა? არ ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურებოდა, მაგრამ ის კადრები რომ არ ყოფილიყო, მგონია, რომ ეს საკითხი საერთოდ სხვანაირად გახმაურდებოდა. შინაურულ საქმეში რომ ყველამ ჩაიხედოს, რა თქმა უნდა, არ აწყობს სახელმწიფოს. არც ვადანაშაულებ, მაგრამ კომპეტენტურმა პირებმა მაშინ თქვეს, არ იყო ერთი ადამიანის მკვლელობა ასეთ დონეზე ასაყვანიო“, - თქვა ჭანტურიამ.

ოთხოზორიების ოჯახმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით სარჩელი  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა. ამის მთავარი მოტივი კი მათი თქმით, ორი წლის წინ ჩადენილ დანაშაულში რუსული ოკუპაციის აშკარა კვალია.

„გამოძიებისას არსად იყო ხაზგასმული, რომ ჩემი შვილი რუსული ოკუპაციის მსხვერპლია მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო ეს სამართლებრივად დამტკიცებულიყო და გამოძიება შეიძლებოდა სხვა კუთხით წასულიყო. ქართულ სახელმწიფოს რომ წარედგინა ეს სარჩელი, თავიდანვე რომ ყველაფერი თავის დონეზე გაკეთებულიყო, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია, იმიტომ რომ ქართველია, რომელიც ყველას თვალწინ მოკლეს, ყველასთვის ხმა რომ მიეწვდინათ და დაეყენებინათ სათანადო დონეზე, სხვანაირად დადგებოდა საკითხი“, - გვითხრა ჯულიეტა ჭანტურიამ.



რადიო „ათინათთან“ ოთხოზიას დედამ გალის შერეულ შეხვედრებზეც ისუბრა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი მსგავს შეხვედრაზე კონკრეტული კითხვებით უნდა წავიდეს და კონკრეტული პასუხით დაბრუნდეს. სხვა შემთხვვაში კი, მისი აზრით, საკითხის დაყენებას შეხვედრებზე აზრი არ აქვს.

ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის არსებობას მიესალმება. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ეს სია პოლიტიკური კინკლაობის საგანი გამხდარიყო და ამბობს, რომ ხელისფლებამ საკუთარი ძალაუფლება უნდა გამოიყენოს, რათა დაზარალებულ ოჯახს ეჭვები არ გაუჩნდეს. ის მიიჩნევს, რომ ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში არამხოლოდ კანჯი ოღლი, არამედ ხურჩის ე.წ. საგუშაგოს ხელმძღვანელი პირებიც უნდა შევიდნენ და დამნაშავე მაღალ ეშელონებში უნდა ეძებონ.

ამბობს, რომ მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ ხელისფლების წარმომადგენლებს ოჯახთან სულ უფრო ნაკლები კონტაქტი და კომუნიკაცია აქვთ.

„ახლა, როცა ორი წელი მიიწურა და ალბათ გამოჩნდებიან, კიდევ ერთხელ მოგვისამძიმრებენ, მაგრამ გაკეთებული საქმე, არ ვიცი, რა იქნება“, - დასძინა ჩვენმა რესპონდენტმა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ მის დედას ერთადერთი სურვილი აქვს. უნდა, რომ დამნაშავემ დროულად დაისაჯოს და მის შვილიშვილს არ გაუჩნდეს სურვილი, მამის მკვლელობისთვის ვინმეს პასუხი აგებინოს.



გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ამავე თემაზე:

საიამ ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა

გიგა ოთხოზორიას დედა: იმედი მაქვს ეს რეზოლუცია სხვის შვილებს დაიცავს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.