რეგიონი
ანაკლიის პორტის დეტალურ დიზაინს მსოფლიოში წამყვანი საპროექტო კომპანია შეიმუშავებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალურ დიზაინს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, საპროექტო და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია BergerABAM-ი შეიმუშავებს. ინფორმაციას ანაკლიის კონსორციუმი ავრცელებს. ამავე ცნობით, გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიას უკვე ეწვივნენ და ტერიტორია ადგილზე დაათვალიერეს.

დეტალური დიზაინის შედგენის თაობაზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შედეგად BergerABAM-ი მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში შესული კომპანიებს შორის გამოავლინეს. არჩეული კომპანია საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ კომპანია საპროექტო, საზღვაო სფეროს, წყალქვეშა კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, რომლის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ პროექტებს შორისაა პანამის, დუბაის, მექსიკის, ვაშინგტონის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურისა განვითარება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალური დიზაინი ნავსადგურის პირველი ფაზის სრულ პროექტირებას მოიცავს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილი საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნული დიზაინი გულისხმობს:

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის დაპროექტებას;

• 625-მეტრის სიგრძის ნავმისადგომისა და მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობის;

• საზღვაო აკვატორიის 16-მეტრამდე დაღრმავების, დამხმარე შენობა-ნაგებობების და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას.

პორტის წინასწარი დიზაინი კონსორციუმმა 2017 წლის პირველ ნახევარში შეიმუშავა და ის საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

Print