რეგიონი
ზუგდიდში შუქნიშნები, სავარაუდოდ, ხის გადატანის გამო მოხსნეს
აღმაშენებლისა და ხუბულავას ქუჩების კვეთაზე არსებული ოთხი შუქნიშნიდან ორი მოხსნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მისი დემონტაჟი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ხის გადატანის დროს გახდა საჭირო.

"წუხელ გვიან ჩამოხსნეს, რადგან ხე უნდა გაეტარებინათ და უშლიდა. ახლა შუა გზაზე არიან გაჩერებული. მაღალი ძაბვის კაბელები უნდა ჩაეხსნათ და ვერ მოასწრეს. არ არის პატარა სამუშაო", - ამბობს ხუბულავას ქუჩაზე მცხოვრები.

ქუჩების კვეთაზე ამ დროითვის არც საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი პოლიციელი დგას, რაც მძღოლების თქმით, საავარიო სიტუაციებს ქმნის.



რაც შეეხება ელექტროენერგიას, ის გუშინ, გვიან ღამით გამოირთო და მისი მიწოდება მოსახლეობას დილის ცხრა საათზე აღუდგა.

ასწლოვანი მუხა, რომელიც იუსტიციის სახლის ყოფილი შენობის მიმდებარედ არსებული კერძო ეზოდან გადაიტანეს, ხუბულავას ქუჩაზე საგულდაგულოდ გამზადებულ ხიდზეა გაჩერებული.



ადგილობრივების ინფორმაციით, ტრანსპორტი, რომლითაც ხე გადააქვთ აღნიშნული მონაკვეთის გავლას ვერ ახერხებს და დასახმარებლად სხვა ტრანსპორტს ელოდებიან.

ამავე თემაზე:

აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა (ფოტო)
Print