რეგიონი
ზუგდიდელი მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან
ასოციაცია ,,ათინათის’’ პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში ჩამოყალიბებული კლუბების წევრები დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი ბანაკით გაემგზავრებიან.

აპრილში გამოცხადებულ კონკურსში სულ 21 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

“ახალგაზრდებმა შესარჩევი ეტაპი გაიარეს, რომლის განმავლობაშიც გამოაგზავნეს შევსებული აპლიკაციები, გაიარეს ინგლისური ენის ტესტირება და გასაუბრება. ენის კომპეტენცია ოთხივე უნარჩვევაში შემოწმდა, გასაუბრებაზე კი „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე Mathew Patty მოვიწვიეთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ინგლისური ენის პედაგოგმა და ტრენერმა ნათია ბაჩილავამ.

სამივე ეტაპი წარმატებით გაიარეს და ძირითად სიაში მოხვდნენ: ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინო ბერაია, მარიამ ჭედია და ლუკა ჯღარკავა.ასევე, ინგირის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გუგუჩია, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ტურავა და ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლე შუშანიკ ზუმაძე.

ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორის სალომე ჟვანიას ინფორმაციით, ბრიტანეთის ბანაკში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად აფხაზი მოზარდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„აღნიშნული ბანაკი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, გაცნონ თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოინახულონ ბრიტანეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ეწვიონ ოქსფორდის უნივერსიტეტს“, - აღნიშნა მან.






პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ასოციაცია "ათინათი" გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-თან ერთად ახორციელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.

Print