პოლიტიკა
ენმ: მერია გაჭირვებულების დახმარების ნაცვლად ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებას აფინანსებს (ვიდეო, ფოტო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, ადგილობრივმა მერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების ტრანსპორტირებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ მან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წითლიძე ამბობს, რომ მერიამ ტენდერები მხოლოდ იმ გზების გასაკეთებლად გამოაცხადა, რომელიც ხეებმა დანიშნულების ადგილამდე უნდა გაიარონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიამ იმ 74 შუამდგომლობაზე თქვა უარი, რომლითაც ოპოზიციური ფრაქცია სოციალურად დაუცველების დახმარებას ითხოვდა. მან ჟურნალისტებს შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა.



„ზუგდიდის მერიამ არ დააკმაყოფილა 74 შუამდგომლობა, რომელშიც უმწეო, მრავალშვილიანი შშმ პირების დახმარებას ვითხოვდით. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და მერიამ მათ დაფინანსებაზე უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ შესაბამისი თანხა არ აქვთ, სამაგიეროდ, გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მილიარდელი ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირების საჭირო გზის შეკეთება დააფინანსეს, რისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, პარალიზებულია მოძრაობა და მოსახლეობა დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე“, - აღნიშნა წითლიძემ.

მან ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირების დაფინანსება და დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.



წითლიძის ბრალდებებს იქვე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ, რომელმაც თქვა, რომ მთავარი არა პრობლემების აფიშირება და მათზე აპელირება, არამედ ინდეტიფიცირება და მოგვარებაა.


„ჩვენ ამ ადამიანებს სახლებს ვუშენებთ და ყველას, ვინც იქნება ასეთი უმწეო, ვეხმარებით, რაც არ ყოფილა 9 წლის მანძილზე. ყველას მიეცემა ადამიანურად ცხოვრების საშუალება“, - დასძინა ფაცაციამ.

ზუგდიდის მერიაში კი კომენტარს არ აკეთებენ, წითლიძის ბრალდებებს კი აბსურდულ განცხადებები“ და „სიზმრები“ უწოდეს.

Print