რეგიონი
ასოციაცია "ათინათი" დამოუკიდებლობის დღეზე (ვიდეო/ფოტო)
ასოციაცია "ათინათმა" ზუგდიდში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ასოციაციამ გამოფინა სტენდი დეკლარაციის ტექსტით, რომელსაც მოქალაქეებმა სიმბოლურად მოაწერეს ხელი. ამასთან, დარიგდა გრაგნილები, რომელშიც ასევე დეკლარაციის ტექსტია დატანილი.



"ასოციაცია "ათინათი" არის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წევრი და ამ ქსელის პარტნიორებმა, სიდას ხელმძღვანელობით, გადავწყვიტეთ სხვადასხვა ქალაქში გაგვეცოცხლებინა დეკლარაციის აქტის ხელმოწერის პროცესი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სიმბოლურად მოაწეროს ხელი და შემდეგ ვაძლევთ გრაგნილს, რომელზეც დაბეჭდილია დეკლარაციის ტექსტი", - თქვა "ათინათის" აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.


დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი, მოქალაქეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიმბოლურად შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.



ასოციაცია „ათინათმა“ ღონისძიება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვენელობითა და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელთან თანამშრომლობით (R-CSN) გამართა.


დღეს საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომელშიც პირველ პუნქტში ეწერა, რომ "საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელი და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".



პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავისუფლება არასრულ სამ წელს გაგრძელდა, სანამ 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ქვეყნის ანექსია არ მოახდინა. 26 მაისი, როგორც ეროვნული დღესასწაული 1991 წლიდან აღინიშნება.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია ზუგდიდში: აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა (ვიდეო)

Print