რეგიონი
სოხუმი დამოუკიდებლობის დღის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მილოცვას გამოეხმაურა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელშიც გიორგი მარგველაშვილს შეახსენა „სინამდვილეში რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს“. უწყების განცხადებით, „1991 წლის 17 მარტს საბჭოთა კავშირის მასშტაბით არშემდგარი რეფერენდუმისას, აფხაზეთის ასსრ - ს აფხაზური და რუსულენოვანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, როგორც თანაბარუფლებიანი სუვერენული რესპუბლიკების განახლებულ ფედერაციას, მისცა ხმა. აქვე ნათქვამია, რომ მაშინ აფხაზეთის მოსახლეობამ თბილისის ბრძანებით 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ბოიკოტი გამოუცხდა.

სოხუმის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველი „დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, რომლის 100 წლისთავსაც აღნიშნავს საქართველო, აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა, არცთუ სახარბიელო იყო, რაც ეროვნულ - პოლიტიკური ორგანიზაციის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატების დევნაში გამოიხატებოდა, რომლებიც აფხაზი ხალხის თვითგამორკვევას ითხოვდნენ“.

”ამ ნეგატიურმა ისტორიულმა ფონმა და საბჭოთა პერიოდში საქართველოსთან თანაარსებობის უარყოფითმა გამოცდილებამ, დაარწმუნა აფხაზი ხალხი დამოუკებელი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობაში. „ისტორიის "უხერხული" გვერდების იგნორირებას, წარსულის გარკვეული მოვლენების მიჩქმალვას ან დამახინჯებას, არასდროს მივუყვანივართ დადებით შედეგებამდე. შეუძლებელია თანამედროვე პოლიტიკური რეალიების ადეკვატურად შეფასება, ისტორიის გაკვეთილების შესწავლის და მათგან შესაბამისი დასკვნების გაკეთების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება გიორგი მარგველაშვილის მიერ 26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა 26 მაისს, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, ჯარისკაცებსა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა:

„პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს. ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება, რადგან 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლება აღვადგინეთ ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Print