ახალი ამბები
სავარაუდოდ გატაცებული ბავშვის დედა: ჩემმა შვილმა მითხრა, ვალის გამო წამიყვანესო
სავარაუდოდ, გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას დედა ამბობს, რომ მისი შვილი ცოლ-ქმარმა ვალის გამო წაიყვანა. მისი თქმით, სახლში დაბრუნებულს საკუთარმა შვილმა უთხრა, რომ ის სახლიდან ფულის დაბრუნების მიზეზით წაიყვანეს. იგივე უთხრა მას მამამთილმა, რომელიც ბავშვის წაყვანის დროს სახლში იმყოფებოდა.

"ორსანტიაში ვიყავი და როცა სახლში დავბრუნდი, ასეთი ამბავი დამახვედრეს, ჩემი შვილი ცოლ-ქმარს ვ.ა- ს და ე. კ-ს სახლიდან დილის რვა საათზე გაუღვიძებიათ და წაუყვანიათ. ჩემი მამამთილისთვის კი დაუბარებიათ, დედა სანამ ვალს არ გადაიხდის, ბავშვი ჩვენთან იქნებაო. ბავშვი იმდღესვე ჩემმა ბიძაშვილმა წამოიყვანა. ჩემი შვილი ამბობს, რომ სახლში, მეორე სართულზე ჰყავდათ და ეუბნებოდნენ, დედაშენი სანამ ვალს არ მოიტანს აქ იქნებიო. მე მაქვს მაგათი ვალი, მაღაზიიდან პროდუქტი დამქონდა, ვერ გადავიხადე 240 ლარი და სესხი გამოვიტანე. თვითონ დამიდგა თავდებად. ვალთან დაკავშირებით სულ მირეკავდნენ, მაგრამ ბავშვის გატაცებით არასოდეს დამუქრებიან. მე არ მიჩივლია მაგათთვის და არც ვაპირებ" -უთხრა ჟურნალისტებს ლორიტა მუშქუთიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი ადამიანი ზუგდიდში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ცოლ-ქმარი ზუგდიდის რაიონული პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

ამავე თემაზე:

შსს: ზუგდიდში ორი ადამიანი მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დავაკავეთ
Print