რეგიონი
ზუგდიდში სავარაუდოდ გატაცებული ბავშვის ოჯახურ პირობებს სოციალური სააგენტო შეისწავლის
ზუგდიდში, სავარაუდოდ გატაცებული ბავშვის საცხოვრებელ პირობებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური დაცვის სააგენტო შეისწავლის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სააგენტოს იურისტმა უტა მიქაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, სააგენტოს ფსიქოლოგი პოლიციაში მოზარდის გამოკითხვას ესწრებოდა.

"აპრიორს წარმოადგენდა ამ შემთხვევაში ჩვენი სამსახურის მხრიდან ბავშვისთვის გაეწიათ საპროცესო წარმომადგენლობა, რაც განხორციელდა კიდეც. ჩვენი სოციალური მუშაკი იყო უკვე პოლიციაში და ესწრებოდა ბავშვის გამოკითხვას. ბავშვის მდგომარეობის ანალიტიკური სურათის დასადებად მუშაობს ფსიქოლოგი. ამის შემდგომ, სოციალური მუშაკი თავის კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ოჯახს, რა გარემოში იზრდება და რამდენად შეესაბამება მის ინტერესებს. ამ ყველაფრის შემდეგ დავდებთ რეალურ და ადეკვატურ დასკვნას",- თქვა მიქაძემ.

აღმაშენებლის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ბავშვის გატაცების ბრალდებით ცოლ-ქმარი გუშინ საკუთარი სახლიდან აიყვანეს. მათ გამოძიება ერთ-ერთი ოჯახიდან ვალის გამო არასრულწლოვანი გოგონას მძევლად წამოყვანას ედავება.

დაკავებულების მეზობლების თქმით, ვასილ ახალაიამ და ემა კვირტიამ ბავშვი ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს და ცოლ-ქმარის მხრიდან ბავშვის გატაცებას გატეგორიულად გამორიცხავენ.

„ბავშვის დედას ვალი ნამდვილად ჰქონდა და ამ ვალის გამო იყვნენ მათთან მისულები. არ დახვდა დედა, მაგრამ დახვდნენ მოუწესრიგებელი და მშიერი ბავშვები. ცოლ-ქმრისთვის ბავშვებს უთქვამთ, ორი დღეა მშივრები ვართ და ბრინჯი ჩვენ თვითონ მოვხარშეთო... შეეცოდათ, ორივეს წამოყვანა უნდოდათ, მაგრამ ბიჭი არ გამოჰყოლია. მოიყვანეს გოგო, დააპურეს და ტანსაცმელი გამოუცვალეს... თან ბაბუას დაუბარეს, რომ ბავშვი ჩვენ მიგვყავს და დედა რომ მოვა, ჩვენთან მოვიდესო“, - თქვეს მეზობლებმა.

სავარაუდოდ გატაცებული არასრულწლოვნის დედის თქმით, ბავშვის წაყვანის დროს ის სახლში არ იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ მას არც პოლიციისთვის უცნობებია. გარდა ამისა, დედა ამბობს, რომ მას ცოლ-ქმრის მიმართ პრეტენზია არ აქვს და არც აპირებს ჩივილს.

"არ ვიყავი სახლში, როცა მოვედი, დამხვდა ამბავი, რომ ჩემი შვილი ვალის გამო წაუყვანიათ. მე მაქვს მაგათი ვალი 250 ლარი, მაღაზიის ნისია და ჩემი სესხის თავდებებიც არიან, რომელიც მიმდინარე თვეს უნდა გადამეხადა, მაგრამ ვერ მოვახერხე", - გვითხრა ბავშვის დედამ მომხდარიდან რამდენიმე საათში.

რადიო "ათინათი" თათარაშვილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, ბავშვის დედასთან დეტალების გასარკვევად სახლში დღესაც მივიდა. სახლში მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვები და ბაბუა დაგვხვდა. ბავშვებმა გვითხრეს, რომ დედა დილით წავიდა და არ იცოდნენ, როდის დაბრუნდებოდა.

„მე იმ ცოლ-ქმარმა მითხრა, რომ ბავშვს წავიყვანთ, მოვაწესრიგებთ და ლარისა (ბავშვების დედა. ავტ), რომ მოვა, ჩვენთან მოვიდესო... ჩემთვის არ უთქვამთ ფული მოიტანოსო“, - ამბობს ბავშვების ბაბუა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბრალად სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი ბრალს არ აღიარებს
Print